თეთრახევასა და ჭანდრისხევში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ დიდებაშვილმა სოფლებში - თეთრახევასა და ჭანდრისხევში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

სოფელ თეთრახევაში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა, ხოლო სოფელ ჭანდრისხევში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ჭაბურღილისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის, განცხადებით პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

„მდინარე თეთრახევაზე არსებული ხიდ-ბოგირი უხვი ნალექით გამოწვეული წყალმოვარდნის შედეგად დაზიანდა. მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად. სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.

რაც შეეხება სოფელ ჭანდრისხევს, აქ ჭაბურღილისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 388 000 ლარია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა 76-ს შეადგენს“, - განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა.

სამუშაოების მიმდინარეობას თეთრახევასა და ჭანდრისხევში ასევე გაეცნენ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლები.